ქართველ მხატვართა ბიოგრაფიული ცნობები
(ისტის გამოყენება სააკვეთილო პროცესში)
ნიკო ფიროსმანაშვილი
სახლი სადაც დაიბადა ნიკო ფიროსმანაშვილი
ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ.ზაზაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს იღებდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა
შემოქმედება
ჟირაფი ფიროსმანის,
როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძმებ ზდანევიჩებს,მხატვარ კირილ და პოეტ ილიას მხატვრებს მ.ლე დანტიუს, დ.შევარდნაძე, ლ. გუდიაშვილი, დ. კაკაბაძეს და სხვებს. უფრო გვიან გ. ლეონიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა´მისი ბიოგრაფიისათვის. ფიროსმანაშვილის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა დიდ გამოფენაზე თბილისში 1918 წელს. 1920-იან წლებში იბეჭდებოდა წერილები პერიოდულ პრესაში, გამოიცა მისდამი მიძღვნილი კრებული. განსაკუთრებით გაცხოველდა ინტერესი ფიროსმანისადმი 50-იან წლების შემდეგ გამოიცა წიგნები საქართველოში, რუსეთში, უცხოეთში. შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი, დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები; ფიროსმანის სურათების გამოფენა მოეწყო ყოფილ სსრკ-ის ქალაქებში და დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი; მხატვრის მშობლიურ სოფელში მირზაანში გაიხსნა ფიროსმანის მუზეუმი. მხატვრის ნამუშევართა დიდი ნაწილი ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აგრეთვე ყოფილ სსრკ-ისა და საზღვარგარეთის ზოგ მუზეუმებში, თბილისის ყოფილ სსრკ-ისა და უცხოეთის კერძო კოლექციებში. მის ნაწარმოებთა დიდი ნაწილის ქრონოლოგია დღემდე დაუდგენელია.
მეთევზე ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალი დაამჩნია იმ სოციალურმა გარემომ, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს („ბეგოს კამპანია“, „ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან“, „თავადების ქეიფი მინდვრად“, „ხუთი თავადის ქეიფი“, 1906, ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე („სვირი“, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), ან ჩართულია მრავალფიგურიან „პანორამულ“ კომპოზიციებში („ვირის ხიდი“, „კახეთის ეპოსი“, „ქეიფი რთველში“). თემატიკურად სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები.ფიროსმანაშვილს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება („რთველი“, „დღეობა ბოლნისში“, „გლეხის ქალი ვაჟით“, „გლეხკაცი ვაჟით“, „წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი“, „კალოობა“ - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); იშვიათად მიმართავდა ქალაქურ პეიზაჟებს („ბათუმი“, „ფუნიკულორი“ ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). განსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფიროსმანაშვილის მიერ დახატული ღამის სცენები („არსენალის გორა ღამით“, მოსკოვი, კერძო კოლექცია; „ყაჩაღმა ცხენი მოიპარა“, „დათვი მთვარიან ღამით“ ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანაშვილის მიერ თბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები („გოგონა საჰაერო ბუშტით“,მოსკოვი, კერძო კოლექცია; „მდიდარი კინტოს შვილი“, „მეეზოვე“, „ორი მუშა“, „აქტრისა მარგარიტა“, „ორთაჭალის ტურფები“, „მუშა სოსო“, „მებადური“ ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). სოციალური დაპირისპირება მკაფიოდ არის ნაჩვენები ცნობილ სურათში „უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით“ (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).
აქტრისა მარგარიტა ფიროსმანაშვილის
შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ჟანრს (დღემდე ფიროსმანაშვილი ერთადერთი ქართველი ანიმალისტია). უეჭველია, მხატვარი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალურ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია „ირემი“, „ჟირაფი“, „თეთრი ღორი გოჭებით“, „შავი ტახი“, „თეთრი დათვი“, „არწივს კურდღელი დაუჭერია“ და სხვა (ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). ფიროსმანს იზიდავდა ისტორიული თემებიცა და პერსონაჟებიც („რუსთაველი“, „თამარ მეფე“, „ერეკლე მეორე“, „გიორგი სააკაძე“ არსებობს სხვადასხვა ვარიანტი; „შეთე გზას უჩვენებს თავად ბარიატინსკის შამილის დასაჭერად“ და სხვა). ფიროსმანის ზოგი სურათი ქართული თეატრის სპექტაკლებით (დ. ერისთავის „სამშობლო“, ვ. გუნიას „და-ძმა“) არის შთაგონებული.ფიროსმანი ჩვეულებრივ მუშამბაზე წერდა. მის სურათებში ადვილი შესამჩნევია, რომ ავტორს სპეციალური განათლება არ მიუღია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მხატვრის მიერ შექმნილი სამყაროს მთლიანობას, ერთგვარად ხელს უწყობს კიდეც მისი სურათების მკაფიო თავისებურებების გამოვლენას. ფიროსმანაშვილის სურათების უპირველეს ძალას შეადგენს მათი შინაგანი სიმართლე, უშუალობა, დიდი ექსპრესიულობა, ხასიათის მკაფიო გამოკვეთა. სხვა თვითნასწავლ მხატვართაგან განსხვავებით, ფიროსმანაშვილი მიზნად არ ისახავდა ბუნების ნატურალისტურ იმიტაციას, არ მისდევდა წვრილმანებს, შესწევდა ყველაფერში არსებითის, ტიპურის დანახვისა და განზოგადების უნარი. მისი სურათების კოლორიტი მკაცრია, ზოგჯერ თითქმის მონოქრომული (ბევრი სხვა თვითნასწავლი მხატვრისაგან განსხვავებით, რომლებსაც ფერადების სიჭრელე ხიბლავდა). მათი აგება მოწმობს ავტორის მახვილ კომპოზიციურ ალღოს. ფიგურების განლაგება უმეტესად ფრონტალურია, იერატიკული, სახეები არ გადმოგვცემს კონკრეტულ განწყობილებას; სივრცის გადმოცემა, პროპორციული შეფარდებები რამდენიმე პირობითია; განურჩევლად ზომისა, ფიროსმანაშვილის სურათებს შინაგანი მნიშვნელოვანება და მონუმენტურობა ახასიათებს. ყველა ამ თვისებით ფიროსმანის შემოქმედება ძველ ქართულ კედლის მხატვრობას ენათესავება.
მემკვიდრეობა
ფიროსმანის ძეგლი მირზაანში.
ერთლარიანი ფიროსმანის გამოსახულებით
როდესაც ფიროსმანს მემკვიდრეობას ვეცნობით, ნათელი ხდება მხატვრის ინტერესთა მრავალფეროვნება, რჩება შთაბეჭდილება, რომ მას სავსებით ჩამოყალიბებული მსოფლგაგება ჰქონდა და შეგნებულად, თანამიმდევრულად ქმნიდა თავის მხატვრულ სამყაროს. ფიროსმანის შემოქმედებამ XX საუკუნის 10-20-იან წლებში მიჯნაზე, როდესაც ხელოვნებაში მწვავედ დაისვა ქართული ეროვნული ფორმის ძიების საკითხი, დიდი გამოძახილი პოვა ქართველ მხატვართა ახალ თაობის წარმომადგენლებში, რომელთაც სამართლიანად მიაჩნდათ, რომ ფიროსმანი ეროვნულ ნიადაგზე ორგანულად აღმოცენებული მხატვარია. დღეს ფიროსმანის შემოქმედება საყოველთაო სახალხო სიყვარულით სარგებლობს.
· ქოზიყში სოფ. მირზაანში ფიროსმანის მშობლიურ სახლში ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია განთავსებული.
·
მირზაანში ყოველწლიურად ოქტომბრის თვეს ტარდება ფიროსმანისადმი მიძღვნილი ფოლკლორული ზეიმი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხური ანსამბლების მონაწილეობით.
·
ნიკო ფიროსმანი გამოსახულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე - 1 ლარიანზე.
·
ქალაქ სტამბოლში, თურქეთში პერიოდულად იბეჭდება ორენოვანი ჟურნალი, სახელწოდებით „ფიროსმანი“.
საინტერესო ცნობები
·
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული. 16 ტილო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი.
· 2006 წლიდან ფიროსმანის გამოფენამ წარმატებით იმოგზაურა კიევში, სტამბოლში, მინსკში, ვეზელსა და ვილნიუსში. ამ ქვეყნებში მას 350 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა
· 2011 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ სოფელ ორზაანში ქვრივიშვილების მარნის კარზე გაკეთებული წარწერა ნიკო ფიროსმანს ეკუთვნის. ექსპერტთა 4-კაციანმა ჯგუფმა ეს დასკვნა 8-თვიანი მუშაობის შემდეგ გამოიტანა. ხელოვნებათმცოდნეები ახლა ქვრივიშვილების ოჯახის გადასაწყვეტილებას ელოდებიან. მათ შეუძლიათ მარნის კარი დაიტოვონ, გაყიდონ ან ნიკო ფიროსმანის მუზეუმს გადასცენ.
·
2011 წლის 31 მაისს ქართველმა სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას, ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ადრე გაუჩინარებული ტილო - „დაჭრილი ჯარისკაცი“ იპოვეს. ტილოს ჩაუტარდა ექპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი ორიგინალია. იმავე დღეს „დაჭრილი ჯარისკაცი“ საქართველოს ეროვნულ გალერეას გადაეცა.
ვლადიმერ (ლადო)დავითის ძე გუდიაშვილი
დაიბადა თბილისში 1896 წლის 30 მარტს რკინიგზის მუშის ოჯახში. სწავლობდა თბილისში, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში (1910–1914). 1914 წელს ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" დაიბეჭდა მისი პირველი ნახატები. 1916 წელს სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება; 1917 წელს მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში - გაეცნო ქართულ ძეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. 1919 წელს მონაწილეობდა რესტორან "ქიმერიონის" მოხატვაში (თბილისი), ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში (70-ზე მეტი ნამუშევარი); 1919–1926 წლებში პარიზში მეცადინეობდა რონსონის ე. წ. "თავისუფალ აკადემიაში".
მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, ბელგიაში, ამერიკაში და სხვა. 1922 და 1925 წელს პერსონალური გამოფენები გამართა პარიზში. პრესა ფართოდ აშუქებდა მის შემოქმედებას. 1925 წელს პარიზში გამოვიდა წიგნი გუდიაშვილის შესახებ, მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა, მადრიდის მუზეუმმა "პრადომ". 1926–1932 წლებში თბილისის სამხატვრო
აკადემიაში გუდიაშვილი ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას, აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი (წიგნების გაფორმება, ილუსტრაციები), თეატრისა და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტი. 1957 წელს თბილისში გაიმართა მისი ნაწარმოებების დიდი რეტროსპექტული გამოფენა, რომელსაც განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად (შემდეგ გამოფენა გადაიტანეს მოსკოვში). გუდიაშვილი ეკუთვნის ქართველ მხატვართა იმ თაობას, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ხელოვნებაში ეროვნული ფორმის ძიება. გუდიაშვილისთვის მიუღებელი იყო აბსტრაქციონიზმის სხვადასხვა სახეები, კუბიზმი, მაგრამ მას იმთავითვე ჰქონდა მიდრეკილება დეკორაციულობისა და მახვილი ექსპრესიულობისადმი, რაშიაც იგი ეროვნულ თავისებურებათა გამოვლინებას ხედავდა. დიდი გავლენა მოახდინა მასზე ძველმა ქართულმა კედლის მხატვრობამ და მინიატურამ. შემოქმედების პირველ წლებში გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა, ერთი მხრით, ძველი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს (შესაძლებელია, ამ მხრივ მნიშვნელობა ჰქონდა გუდიაშვილის შეხვედრას ნ. ფიროსმანაშვილთან), მეორე მხრით საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებილ ლეგენდებსა და სიუჟეტებს ("კინტოების ქეიფი ქალთან", 1919; "მოქეიფენი ეტლში", "თევზი ცოცხალი", "სადღეგრძელო გარიჟრაჟზე", სამივე 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ნადირობა", 1920, მხატვრის სახელოსნო; "იდილია", 1920, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი; "ქალი კლდეებში",
1923, მხატვრის სახელოსნო; "ირმის ტბის პირას", 1923 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი და სხვა).თბილისური ბოჰემისადმი მიძღვნილ საუკეთესო სურათებში მხატვარი ღრმა დრამატულ გამომსახველებას აღწევს. პარიზში ყოფნის დროს ჩაეყარა საფუძველი მორალური და სოციალური თემებისადმი მიძღვნი სატირული ხასიათის ნახატების ციკლსაც.საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუდიაშვილის თემატიკა ფართოვდება. მის შემოქმედებაში აისახა ქართველი ხალხის წარსული ("ლეგენდა თბილისის დაარსებაზე", 1946, თბილისის მასწავლებლის სახლი; "ყეენობა თბილისში",
1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "საკადრისი პასუხი",
1945, მხატვრის სახელოსნო და სხვა).გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფს “ცისფერყანწელებს” (1914–1918), რომელთა მიზანი ქართული ეროვნული ხასიათის ევროპული და კერძოდ ფრანგული სიმბოლიზმის შემოქმედებით სტრუქტურასთან ორგანული შერწყმა იყო. პარიზში ის განთქმული ”ლა რუშის” მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარი იყო. აქ ის ხვდება ზულოაგას, ამედეო მოდილიანის, ნატალია გონჩაროვას და მიხაილ ლარიონოვს. გუდიაშვილის ამ დროინდელ ნამუშევრებს ნიკო ფიროსმანაშვილის დიდი გავლენა ეტყობა.მომხიბვლელი ქართული ადათ-წესებით აღსავსე მხატვრის ადრეულ ნამუშევრებში დრამატული გროტესკი შერწყმულია პოეტური მისტერიის შარმთან (“თევზი ცოცხალი” 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). კავკასიურ და სპარსულ ტრადიციებთან სიახლოვე უფრო აშკარა ხდება მხატვრის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1926). გუდიაშვილის ფერები უფრო თბილი ხდება, ხოლო მსოფლიოს, როგორც თეატრის, აღქმა კი უფრო ძლიერი (გუდიაშვილის ნამუშევართა დიდი ნაწილი ოპერისა და ბალეტის კოსტიუმირებულ პერსონაჟებს ასახავს). მის თანამემამულეთა მსგავსად (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია), გუდიაშვილი ხშირად იყენებს მითოლოგიურ ალეგორიებს (“სერაფიტას გასეირნება” 1940), რომლის ცენტრშიც გრაციოზულად მომხიბლავი ქალბატონი წარმოდგენილია როგორც იდუმალი “დედამიწის ქალღმერთი”.გუდიაშვილი ასევე ცნობილია, როგორც მონუმენტალისტი. 1946 წელს მან ქაშვეთის
ეკლესიის (თბილისი) კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიდან, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა, დაითხოვეს.გუდიაშვილი ასევე მუშაობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს, თბილისში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი დაარსდა 2011 წლის მაისში, საქართველოში, ქ. თბილისში, ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე. ის გახდა ერთ-ერთი გამორჩეული საგამოფენო სივრცე, სადაც ფართო აუდიტორიას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ლადო გუდიაშვილის შემოქმედებასა და ცხოვრებას. საგამოფენო დარბაზში პერიოდულად იცვლება მხატვრის ექსპოზიცია და დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს გუდიაშვილის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს.
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში სხვადასხვა საგამოფენო სივრცეა, რაც ვიზიტორს შესაძლებლობას აძლევს დაათვალიეროს გუდიაშვილის მუდმივმოქმედ გამოფენებთან ერთად, თანამედროვე მხატვრების გამოფენები, გაეცნოს სხვადასხვა პროგრამას და ღონისძიებას.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ელენე დიმიტრის ასული ახვლედიანი
1922 წელს სწავლობდა თბილისის სამხატვრო
აკადემიაში. იყო გ. გაბაშვილის მოწაფე იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, კოლაროსის აკადემიაში ). 1927 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება ზოგჯერ ხალისიანი და სადღესასწაულო, ზოგჯერ სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც. განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი“ (კერძო კუთვნილება, თბილისი), „კახეთი-ზამთარი“ (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „ძველი თბილისი“ ( კერძო კუთვნილება, პარიზი), „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“ (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „თელავი“ (კერძო კუთვნილება, თბილისი), „ალაზნის ველი“, „იმერეთი“ ( ორივე საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი), „შემოდგომა“ (კერძო კუთვნილება, თბილისი) და სხვა. ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა 1928-იდან დაიწყო კ. მარჯანიშვილის
თეატრში (ქუთაისი) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში. აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1942–1943, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი), ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ (1932–1933, კ.
მარჯანიშვილის თეატრი), ჯაკომო პუჩინის „ბოჰემა“ (1944–1945, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის საოპერო სტუდია), ჯ. ვერდის „ბალ-მასკარადი“ (1955–1956, კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი) და სხვა. ახვლედიანი ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც. მას ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას მოთხრობებისა და პოემების, მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“, ჰენრი ლონგფელოს „ჰაიავათას სიმღერის“, ვიქტორ ჰიუგოს რომანის „კაცი, რომელიც იცინის“, დ. კასრაძის ზღაპრის „ქალ-პეპელას“ ილუსტრაციები. მის სახელს ატარებს თბილისის ბავშვთა სურათების
გალერეა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა
და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა, ხევი, აღმართი.
დავით ნესტორის ძე კაკაბაძე
კაკაბაძე მოწაფეობის წლებიდან ბეჭდავდა ნახატებს ქართულ პერიოდულ პრესაში. 1916 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება, იმავე დროს, 1915-მდე, მეცადინეობდა მხატვარ ლ. დიმიტროევ-კავკაზსკის სახელოსნოში; გაეცნო რუსულ და დასავლეთევროპული მხატვრობის უახლეს მიმდინარეობებს და დაჯგუფებებს. სტუდენტობის წლებში დაიწყო ძვ. ქართული ხელოვნების კვლევა. პეტერბურგში კაკაბაძე 1918-მე დარჩა. ამ პერიოდს მიეკუთვნება ფინეთსა და საქართველოში ნატურიდან დახატული პეიზაჟები, 3 ავტოპორტრეტი ("ავტოპორტრეტი სარკესთან", 1913 საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ავტოპორტრეტი ბროწეულით",
1913; "ავტოპორტრეტი რუხ ხალათში", 1917 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება), დედის პორტრეტი, 1914 და ძმის პორტრეტი , 1915 (ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება). რეალისტურ ნამუშევრებთან ერთად კაკაბაძემ შექნმნა კუბისტური ხასიათის სურათებიც ("დასაფლავება იმერეთში",
1913; "ავტოპორტრეტი" 1913 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება), 1918–1919 კაკაბაძემ საქართველოში გაატარა. ამ პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი, როგორც მკაფიო თავისებურებების მქონე მხატვრის, შემოქმედებითი სახე. კაკაბაძემ შექმნა იმერული პეიზაჟების ციკლის პირველი ნიმუშები. ადრინდელი პეიზაჟებისაგან განსხვავებით, ისინი ბუნების უშუალო ასახვას კი არ წარმოადგენენ, არამედ მკაფიოდ გამოკვეთილი პრინციპების თანახმად აგებულ სურათებს, რომლებშიც მოცემულია იმერეთის ბუნების განზოგადებული სახე; კომპოზიციას ახასიათებს ნათელი, კლასიკური ტექნიკურობა ("პეიზაჟი წითელი გზით", "პეიზაჟი ციხითა და მდინარით", 1918 ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება). 1918 წელს კაკაბაძემ შექმნა სურათი "იმერეთი - დედაჩემი",
სადაც მხატვრისთვის ჩვეული იმერეთის პეიზაჟის ფონზე გამოსახულია მოხუცი ქალის ალეგორიული ფიგურა. ამავე წელს შექმნა ლაკონიური და გრაფიკულად მკაფიო "იმერული ნატურმორტი"
(ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი); ამავე პერიოდს განეკუთვნება ძვ. თბილისის ამსახველი ნახატები და წაღვერის სერია (მხატვრის ოჯახისა და დასავლეთ ევროპის სხვადასხვა მუზეუმების კუთვნილება). 1919–1927 წლებში კაკაბაძე პარიზში ცხოვრობდა, მონაწილეობდა "დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების" ყოველწლიურ გამოფენებში, სხვა ქართველ მხატვრებთან ერთად აწყობდა გამოფენებს (მოაწყო თავისი სურათების გამოფენა ამერიკაში); კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე, მუშაობდა სტერეოკინოს გამოგონებაზე (მიღებული აქვს ევროპის მრავალი ქვეყნის პატენტი), აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს ( ქართულ და ფრანგულ ენებზე). კაკაბაძის ამ პერიოდის შემოქმედებაში აისახა ორი მიმართულება: ერთი მხრივ, მხატვარი ქმნიდა რეალისტურ, საგნობრივი სამყაროს მიერ შთაგონებულ სურათებს (პარიზის ჩანახატების სერია, აკვარელების სერია "ბრეტანი" - საქართველოს ხელოვნების მუზეუმისა და მხატვრის ოჯახის კუთვილება; "წურბელების გამყიდველი",
"ბანანების გამყიდველი" - ადგილსამყოფელი უცნობია), მეორე მხრივ - უსაგნო სურათებს და კოლაჟებს (ცალკეული სერიები ინახება მხატვრის ოჯახში და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).
აბსტრაქცია
1927 წელს შექმნა ალეგორიული სურათი "ინდუსტრია". საქართველოში დაბრუნების შემდეგ კ.
მარჯანიშვილის მოწვევით კაკაბაძემ მუშაობა დაიწყო თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების დარგში. გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი ( ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!", 1928; პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი",
1929; შ. დადიანის "ნინოშვილის გურია",
1932; დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი",
1937; პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება",
1946 - ყველა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი; ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი",
1947, რუსთაველის სახელობის თეატრი; პ. ჩაიკოვსკის "პოკის ქალი",
1947 - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა), აგრეთვე კინოფილმები ("მარილი სვანეთს",
რეჟისორი მ. კალატოზიშვილი, 1930; "დაკარგული სამოთხე", რეჟისორი დ. რონდელი, 1936 და სხვა). კაკაბაძის შესრულებული დეკორაციები გამოირჩევა ფუნქციური მიზანშეწენილობით, სტილის ღრმა გრძნობით. ამავე პერიოდში კაკაბაძე აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი და გრაფიკოსი. იგი კვლავ დაუბრუნდა იმერული პეიზაჟის თემას, შექმნა ინდუსტრიული პეიზაჟები ("რიონჰესი", 1934, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი და სხვა). ამ სურათების კომპოზიური აგებულება და დეკორატიულობა ძველებურია, მაგრამ ციხის ნანგრევს ცვლის ახალი ცხოვრების ნიშნები - ელექტროსადგური, მშრომელთა მანიფესტაცია; უფრო ცხოველი და ხალისიანია კოლორიტი ("ყვითელი მთა",
1937; "წითელი მთა", 1944 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთხვილება; "მიტინგი იმერეთში", 1942, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). 1930-1940 წლებს მიეკუთვნება კიდევ რამდენიმე სერია ("სვანეთი", 1939; "თბილისი და მისი მოდამოები", 1944 - ყველა მხატვრის ოჯახის კუთვნილება). 1940-1950 წლების მნიშვნელოვანი სურათებია: "ყაზბეგი", "ფოთი-ელევატორი" (1949, ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "სვანეთი - მადნის დამუშავება" (1949, მხატვრის ოჯახის კუთვნილება) და სხვა. 1928-1948 კაკაბაძე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1933-1942 - პრორექტორი).
კაკაბაძე ახალი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სურათები დიდი კომპოზიციური ოსტატობისა და გადმოცემის სისხარტის გარდა გამოირჩეგანსაკუთრებული ფერადოვანი სიფაქიზითა და დახვეწილობით; რაციონალურობასთან ერთად მათ ახასიათებს მაღალი პოეტურობა. კაკაბაძემ პირველმა შექმნა ქართული ბუნების განზოგადებული სახე, პეიზაჟი-სურათი; დიდი მხატვრული ღირსებით გამოირჩევა ადრინდელი პერიოდში შექმნილი პორტრეტები. კაკაბაძე არის ქართული თეატრალური-დეკორაციული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებების მქონე მოაზროვნე მხატვარი, რომელიც ყოველთვის ღრმად გააზრებულად, ლაკონიური საშუალებებით ასხამდა ხორცს თავის მხატვრულ ჩანაფიქრს
კაკაბაძე ახალი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სურათები დიდი კომპოზიციური ოსტატობისა და გადმოცემის სისხარტის გარდა გამოირჩეგანსაკუთრებული ფერადოვანი სიფაქიზითა და დახვეწილობით; რაციონალურობასთან ერთად მათ ახასიათებს მაღალი პოეტურობა. კაკაბაძემ პირველმა შექმნა ქართული ბუნების განზოგადებული სახე, პეიზაჟი-სურათი; დიდი მხატვრული ღირსებით გამოირჩევა ადრინდელი პერიოდში შექმნილი პორტრეტები. კაკაბაძე არის ქართული თეატრალური-დეკორაციული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებების მქონე მოაზროვნე მხატვარი, რომელიც ყოველთვის ღრმად გააზრებულად, ლაკონიური საშუალებებით ასხამდა ხორცს თავის მხატვრულ ჩანაფიქრს
დაკრძალული მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში
No comments:
Post a Comment